არა შეპარდის "პატარა საყვარელი მატყუარები" 2006 წლის ოქტომბერში დაიბეჭდა. წიგნმა მალე ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, რომ 2010 წელს ტელეკომპანია ABC Family - მ მასზე დაყრდნობით სერიალი გადაიღო. ისევე როგორც წიგნი, სერიალიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი სიყვარულით სარგებლობს.
პენსილვანიის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქში მდიდარი და ლამაზი მერვეკლასელი, ელისონ დილორენტისი გაუჩინარდება. უბედური შემთხვევა მისი ოთხი მეგობრის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის - ისინი ერთმანეთს შორდებიან და იმედი აქვთ, ასე სამუდამოდ გაწყვეტენ კავშირს საზარელ წარსულთან. სამი წლის შემდეგ გოგონების ცხოვრებაში იდუმალი A ჩნდება, რომელიც ელისონის სახელით ემუქრება ყოფილ მეგობრებს. შეძლებენ სპენსერი, ემილი, არია და ჰანა ინკოგნიტო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებას, როცა თითოეულს საკუთარი საიდუმლოს გამჟღავნების ეშინია?